Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში მიიღო


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო "გირჩის" წევრების სარჩელი გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ საკითხზე 30 ივლისს იმსჯელა.

პარტიის წევრები საკონსტიტუციო სარჩელში მიუთითებენ, რომ "გირჩი" ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და კანდიდატები იმ პირებმა შეარჩიეს, რომლებიც პარტიის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსს გამოყოფენ.

"თუკი სადავო ნორმის საფუძველზე პარტია იძულებული გახდება, უგულებელყოს პარტნიორების მიერ ფორმირებული პარტიული სია, შესაძლოა პარტნიორებმა უარი განაცხადონ მის დაფინანსებაზე, რაც პოლიტიკური გაერთიანების ფუნქციონირებას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის", - აღნიშნულია სარჩელში.

აქვე ვკითხულობთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი არაა კვოტირების დაცვა და მოქმედი რეგულაცია არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.

საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო ახალი კანონი, რომლითაც პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გასავლელად და არჩევნებში მონაწილეობისთვის ისეთი სია უნდა წარადგინოს, რომელშიც მინიმუმ ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იქნება.

ამ წესს არ ეთანხმება "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც, რომელიც სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. მან საკონსტიტუციო სარჩელის შესადგენად პარტიის დაფუძნება გადაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG