Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთისგან ისევ არაფრისმთქმელი პასუხი მიიღო


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიამ რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ბოლოს მიიღო 2020 წლის 2 ივნისით დათარიღებული პასუხი, რომელსაც კვლავ არ შეაქვს რაიმე არსებითი წვლილი გამოძიების პროცესში.

სააგენტო dpa დღეს, 10 აგვისტოს წერს, რომ გერმანიის იუსტიციის სამინისტროსგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, მემარცხენე პარტიის წარმომადგენელმა სევიმ დაგდელენმა. გერმანიის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებმა 2019 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთს სულ მცირე 12-ჯერ მიმართეს და ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღეს გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაცია.

11 აგვისტოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. DW წერს, რომ ლიბიის, სირიის და უკრაინის კონფლიქტების გარდა, მინისტრების საუბრის თემა იქნება გერმანია-რუსეთის ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემები. გერმანია ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის კვალს ხედავს.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა, კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ დაკვეთილ მკვლელობაში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად იძიებდა ბერლინის პროკურატურა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობდა მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

2020 წლის ივნისში, ეჭვმიტანილ ვადიმ კ.-ს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი მკვლელობასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში. გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით. ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG