Accessibility links

logo-print logo-print

ციხანოუსკაია: დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლება დემონსტრანტებს ძალით არ განდევნიდა


სვიატლანა ციხანოუსკაია პრესკონფერენციაზე 10 აგვისტოს მინსკში

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციურმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელმაც წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, ხმების 9,9 % მოაგროვა, მინსკში 10 აგვისტოს გამართა პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ „რაც გუშინ მოხდა, მიუღებელია. ეს უბრალოდ დანაშაულია. გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია არ დადასტურდება. თუ ის დადასტურდა, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი“, - თქვა ციხანოუსკაიამ.

ციხანოუსკაია, რომელიც „თავს არჩევნებზე გამარჯვებულად“ მიიჩნევს, აცხადებს, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლება ძალას არ გამოიყენებდა. „ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვეთ, არ გამოყენებინა ძალისმიერი მეთოდები. არ მოგვისმინეს“... - თქვა მან.

საპრეზიდენტო კანდიდატის თანახმად, მან არ იცის, გავიდეს თუ არა ქუჩაში, თუ პროტესტი გაგრძელდა. „არ ვიცი, რა ვქნა ამ ვითარებაში“.

გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელმა, მარია კალესნიკავამ განაცხადა, რომ შტაბი ელოდება კენჭისყრის საბოლოო შედეგებს, რომლებიც გამოქვეყნდება 14 აგვისტოს. ამის შემდეგ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება. გაერთიანებული შტაბი არ ეთანხმება 10 აგვისტოს დილით გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო ხმების 80.23%, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 9.9%.

უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ მინსკში საპროტესტო აქციის დროს ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინებოდა. ეს ინფორმაცია უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ 39 სამართალდამცველი და 50 სამოქალაქო პირი დაშავდა ღამის შეტაკებებისას.

გავრცელდა ინფორმაცია ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში ასეულობით პირის, მათ შორის, ჟურნალისტების დაკავების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG