Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრონტერა": საქართველოს მთავრობამ გააგრძელა დეზინფორმაციის კამპანია ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ


ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ერთჯერადი 1200-ლარიანი დახმარება გასცეს „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე, განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გააგრძელა დეზინფორმაციის კამპანია კომპანიის წინააღმდეგ, „ფრონტერას“ თანამშრომლები „ყოფილ თანამშრომლებად“ მოიხსენია და თავისი გადაწყვეტილების შესახებ არა პირადად, არამედ მედიის საშუალებით გამოაცხადა:

„ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ კომპანიასთან ჰქონდეთ კავშირი, როგორც კონსტრუქციულ პარტნიორობას შეეფერება, მთავრობის წევრებმა კვლავ არჩიეს გამოგონილ საკითხზე გაეკეთებინათ საჯარო განცხადება, რომლის აშკარა მიზეზი წინასაარჩევნო რეკლამაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობას მცდელობაც კი არ ჰქონია რომ ჩვენს კომპანიასთან ემუშავა, რათა გაეგო ან დაეზუსტებინა ფაქტები ჩვენი თანამშრომლების შესახებ. სანაცვლოდ კი კვლავ გააკეთეს არასწორი საჯარო განცხადება ა.წ. 6 აგვისტოს.

თუკი მთავრობა მართლაც იყო დაინტერესებული ჩვენი თანამშრომლების კარგად ყოფნით და იმ ბიზნესით, რაც თანამშრომლების კარგად ყოფნას უზრუნველყოფს, მაშინ ქარაფშუტულად არ დახარჯავდნენ 40 მილიონ ლარს იურიდიულ მომსახურებაში, რათა 2018 წელს ჩვენს წინააღმდეგ წამოწყებული საერთაშორისო არბიტრაჟის მეშვეობით შეეწყვიტათ ჩვენი კონტრაქტი, რაც ხელისუფლების მარცხით დასრულდა. კითხვა ჩნდება, რატომ გადაწყვიტეს ამ უზარმაზარი თანხის დახარჯვა იმისთვის რომ მოეკლათ კერძო ამერიკული ინვესტიცია და ეს მაშინ როცა იცოდნენ, რომ მათი წარმატებას შემთხვევაში მასიურ უმუშევრობასა და ეკონომიკურ დაღმასვლას შექმნიდნენ თბილისსა და კახეთში?“ - აღნიშნულია „ფრონტერას“ ვრცელ განცხადებაში, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში განზრახ იყენებს საერთაშორისო სასამართლოს, როგორც იარაღს:

„ამის მიზეზია მხოლოდ ის, რომ დააზიანოს ჩვენი ბიზნესი და ჩვენი თანამშრომლები, რათა იძულებული გავხდეთ წავიდეთ საქართველოდან. საბოლოოდ მათი ეს კორუფციული მცდელობა მარცხით დასრულდა, თუმცა საინტერესოა ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს მოშლილი ეკონომიკის პირობებში ესოდენ ძვირფასი სახელმწიფო დაფინანსების არასწორ გამოყენებაში? მხოლოდ ორწლიანი ძვირადღირებული იურიდიული დავა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, ვინც ეს შეუკვეთა. ამავდროულად მთავრობამ ზეწოლის გაზრდის მიზნით შექმნა მარეგულირებელი წინააღმდეგობები, დაბლოკა ნედლი ნავთობის ექსპორტი და ხელს უშლის მოპოვებული ბუნებრივი გაზის გაყიდვას. ამასთანავე არ გვინაზღაურებს დღგ-ს დავალიანებას Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A, რაც 20 მილიონ ლარს აჭარბებს. განა ეს იმ მთავრობის ქმედებაა, რომელიც დაინტერესებულია კერძო ამერიკული ინვესტიციების წახალისებით და ხალხის გრძელვადიანი დასაქმებით?“ - კითხულობს „ფრონტერა“ და განცხადებაში იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს და "ფრონტერას" საქმიანობას ომის შემდგომ, აღდგენითი სამუშაოებისა და დევნილთა დახმარების პროცესში. განცხადების თანახმად, მაშინ, 12 წლის წინ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მოვიდოდა ხელისუფლება, რომელმაც, კომპანიის თანახმად, ქვეყანა ჩამოაშორა პროამერიკულ და პროდემოკრატიულ პოლიტიკას:

"ამის მაგივრად სამწუხაროდ ხელისუფლება შენიღბულად განვითარდა ამჟამინდელ კლეპტოკრატიულ ოლიგარქიად. საერთაშორისო დამკვირვებლებმა იციან, რომ ჩვენი მსგავსი ბიზნეს გამოცდილება არის რეალური დროის მაჩვენებელი, თუ რა ხდება სინამდვილეში ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ლანდშაფტში. ამ კონტექსტში ჩვენი გამოცდილებიდან აშკარაა, რომ მაშინ, როცა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის გამო, საქართველოს მთავრობა მუდმივად ცდილობს დასავლეთის ყურადღება მიიქციოს და უცხოური დახმარება მოიძიოს, ამავდროულად იგი ჩუმად ამკვიდრებს იმ ფასეულობებს, რასაც 2008 წლის რუსეთის შემოჭრას უნდა დაემკვიდრებინა. ეს ძალიან სახიფათო მასკარადია. რუსეთის 2008 წლის შემოჭრის მიზანი დიდწილად მიღწეულ იქნა. როგორც დღეს ვხედავთ, საქართველოს მთავრობა წარმატებას აღწევს იმაში, რომ მნიშვნელოვნად გაანადგუროს დასავლური კერძო სექტორის თავისუფალი საწარმოები. მაგალითისთვის, ჩვენი ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივა ხელისუფლებამ დააზიანა და შეაჩერა, რაც თავიდან ვერ მოახერხა 12 წლის წინანდელმა რუსეთის სამხედრო შემოჭრამ. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ საზარელი ომის შემდეგ, ჩვენს თავს ისეთ გარემოში აღმოვაჩენდით, სადაც დემოკრატიული რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, ხოლო რუსული, ირანული და ჩინური კერძო სექტორის ინვესტიციებს ხელისუფლება უფრო მეტად მიესალმება, ვიდრე ამერიკულს. როგორც ყველაზე მსხვილი ამერიკული კერძო სექტორის ინვესტორმა საქართველოში, ბოლო ერთ წლის განმავლობაში ბევრჯერ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას შეხვედრის თაობაზე, რათა გვეცადა დავბრუნებოდით ამერიკა/საქართველოს პარტნიორობის Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A პოზიტიურ სულისკვეთებას. სამწუხაროდ ყველა ეს მიმართვა იყო იგნორირებული, ან საპასუხოდ მივიღეთ უარი. თუმცა, როგორც ივლისის ბოლო კვირას ვიხილეთ, პრო ამერიკული მასკარადი გრძელდება, სხვა პრიორიტეტებით. პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და მის მთავრობას მეტი დრო აღმოაჩნდა, რათა შეხვედროდნენ ირანელ ოფიციალურ პირებს და განეხილათ ურთიერთობათა ნორმალიზება და ეკონომიკური განვითარების საკითხები“, - აღნიშნულია "ფრონტერას" განცხადებაში, რომლის თანახმადაც კომპანია მთავრობას მასთან პირდაპირი და კეთილსინდისიერი საქმიანობისკენ მოუწოდებს:

„ჩვენ პატივისცემით მივმართავთ მთავრობას დარჩეს ერთგული საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებისა, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, კონსტრუქციულად შეგვხვდეს და მოგვცეს გარანტია, რათა მუშაობა გავაგრძელოთ მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთჯერადი 1200-ლარიანი დახმარება გასცეს კომპანია „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე:

„დღემდე დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას“ ყოფილი 84 თანამშრომელი, რომლებიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და რომელთა მიმართ, დღეის მდგომარეობით, ერიცხება დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება. ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით ჩვენმა კომპანიამ - „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ თითოეულ ადამიანს 1 200 ლარის ოდენობის თანხა გამოუყოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 6 აგვისტოს. ბრიფინგზე მან „ფრონტერას“ თანამშრომელთა დავალიანების დაფარვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე კომპანიასთან პოზიტიურ კომუნიკაციაშია.

„მანამდე კი, ვიდრე „ფრონტერასთან“ ეს დიალოგი გრძელდება, ამ ადამიანებისთვის ერთჯერად, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გავცემთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით.

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად დაასახელა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG