Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ექიმებმა ბრალდებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს


საქართველოს სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებული თანამშრომლების მხარდასაჭერად. აქციაზე ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობა გააპროტესტეს.

აქციას წინ უძღოდა „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ გაფართოებული შეკრება. სამედიცინო გაერთიანება მიიჩნევს, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ, წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს, ხოლო ექიმების დაკავების ფორმა სამედიცინო საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

ხვალ, 11 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაგეგმილია ბრიფინგი-აქცია, რომელზეც მოითხოვენ, რეგულირების სააგენტომ გადასინჯოს დასკვნა, რის საფუძველზეც ექიმებს დაუსაბუთებლად ედებათ ბრალი უკანონო სამედიცინო საქმიანობაში.

4 აგვისტოს თბილისში დააკავეს ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ექიმი ვახტანგ ყიფიანი. 5 აგვისტოს, საქალაქო სასამართლომ ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარის გირაო შეუფარდა, ხოლო ყიფიანს - პატიმრობა. აღკვეთის ზომად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც ამჟამად იძებნება.

პროკურატურა მათ ბრალად სდებს უკანონო საექიმო საქმიანობას. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წელს, ამ კლინიკაში პაციენტს ოპერაცია გაუკეთეს არა იტალიელმა სპეციალისტებმა, როგორც ეს ოფიციალურად იყო ცნობილი, არამედ ვახტანგ ყიფიანმა, რომელსაც არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "ორთოპედია-ტრავმატოლოგია" და მაგდა ხოჭოლავამ, რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. პაციენტი დღემდე კომაში იმყოფება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო პროკურატურის ვერსიას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG