Accessibility links

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიაში მყოფ ტურისტებს მოვუწოდებთ, დარჩნენ სასტუმროებში


მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ტურისტებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ კონტაქტზეა იმ სასტუმროების ადმინისტრაციებთან, სადაც სვანეთში მყოფი შიდა ტურისტები იმყოფებიან.

„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირზე ყველა სასტუმროსთან. მაშასადამე, დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კონტაქტი იქონიონ უშუალოდ იმ სასტუმროების მმართველ გუნდთან, რომელთანაც ისინი სტუმრად არიან. მოხდება ეტაპობრივად ყველასთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივად სვანეთშივე გაიაროს კარანტინი, ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის რეგიონებში, სადაც უკვე ჩვენ გვაქვს საკარანტინე სივრცეები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მესტიაში შესვლა და გასვლა აიკრძალება. გარდა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვისა, იკრძალება დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 10 აგვისტოს მიიღო.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ბანკებს, აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებსა და ღია ტიპის კვების ობიექტებს.

"თავშეყრის ადგილებზე მკვეთრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა... ჩატარდება ინტენსიური კვლევები", - თქვა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. ყველა ტურისტი კი საკარანტინო რეჟიმში განთავსდება.

"ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მუნიციპალიტეტს, სავალდებულო საკარანტინე რეჟიმს გაივლის", - დასძინა ხოჯევანიშვილმა.

აქვე აღნიშნეს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყვნენ დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ტესტირებაზე უნდა მივიდნენ ან დაუკავშირდნენ 112-ს.

ბოლო 24 საათში მესტიაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში სულ კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა.

მაისის ბოლოდან დღემდე ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1250-მდე გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელებულია 1010 მოქალაქე. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG