Accessibility links

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ „ის ხალხთანაა“ და არსად არ წასულა


ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია არ აღიარებს არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდ ლუკაშენკას, გამარჯვებას დააცხადებს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.

ციხანოუსკაიას შტაბში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ხმების დათვლა უნდა მოხდეს გამჭვირვალედ.

თავის მოსაზრებას ციხანოუსკაია ასაბუთებს მისი მომხრეების რაოდენობით, რომლებიც საარჩევნო უბნებთან გრძელ რიგებში იდგნენ. „თქვენ ნახეთ, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან“.

ციხანოსუკაიამ აღნიშნა, რომ ახლა მთავარია, რომ შეწყდეს ძალადობა ქვეყანაში, რაშიც პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლება დაადანაშაულა.

„ის, რაც წუხელ მოხდა, დაუშვებელია. ეს არის უბრალოდ დანაშაული. ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია დაღუპული დემონსტრანტის შესახებ. იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება. რადგან, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო ხმების 80%, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 10%.

ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობითვე, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 84.23%.

ამ შედეგების გამოცხადებას მოჰყვა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსის მასშტაბით, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა მილიციის საგანაგებო დანაყოფი, რომელმაც წყლის ჭავლით, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით დაშალა აქციები და დააპატიმრა ასობით მოქალაქე.

ტელეარხ „ნასტაიაშჩაია ვრემიას“ ინფორმაციით, დღეს საღამოს დაახლოებით 20:00-საათზე მინსკში და სხვა ქალაქებში უნდა დაწყებულიყო საპროტესტო აქციები.

მინსკის ცენტრში უკვე მობილიზებულია მილიციის სპეცდანიშნულების („ომონის“) დამატებითი ძალები.

ჩვენი კოლეგები იუწყებიან, რომ ჯერჯერობით ქუჩებში არ ჩანანან დემონსტრანტები.

რამდენიმე ადგილას მილიციამ უკვე დააკავა რამდენიმე ახალგაზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG