Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის პრეზიდენტს ბრიფინგი შეაწყვეტინეს თეთრი სახლის მახლობლად სროლის გამო


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტოვებს ბრიფინგის ოთახს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს ვაშინტონში, თეთრი სახლის მახლობლად სროლის გამო.

პრეზიდენტმა ბრიფინგის ოთახი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელთან ერთად დატოვა, რამდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნებულმა კი მედიას აცნობა, რომ როგორც ჩანს, საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა თეთრ სახლთან ახლოს მყოფ შეიარაღებულ პირს ესროლა. ტრამპმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები შეაქო.

საიდუმლო სამსახურმა, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელ პირებს იცავს, ტვიტერზე დაწერა, რომ იძიებენ ინციდენტს, რომლის დროსაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა იარაღი გამოიყენა. სამსახურის ოფიცერი და ინციდენტის მონაწილე მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საიდუმლო სამსახურის განცხადებით, თეთრი სახლის ტერიტორიაზე არავის შეუღწევია და დაცული პირებიდან საფრთხე არავის შექმნია.

საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, 10 აგვისტოს საღამოს, 51 წლის მამაკაცი მიუახლოვდა თეთრი სახლიდან ერთ კვარტალში, პოსტზე მყოფ თანამშრომელს და უთხრა, რომ შეიარაღებულია. შემდეგ შეტრიალდა, ჯიბიდან ამოიღო ნივთი და მსროლელის პოზა მიიღო, რის გამოც საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა ცეცხლი გახსნა.

სააგენტო AP თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი ეჭვმიტანილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამომძიებლები მისი ქცევის მოტივს იკვლევენ. მათ შორის, ხომ არ აქვს ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG