Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აქვეყნებს "ჰუმანიტარული დერეფნით" დაბრუნებულთა სტატისტიკას


ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალნი

ენგურის ხიდის გავლით, 3-9 აგვისტოს აფხაზეთში დაბრუნდა 1289 ადამიანი. ამ ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, დაბრუნდნენ „აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ".

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ „საქართველოში მყოფი მოქალაქეების და აფხაზეთში მცხოვრებთათვის“ 26 მაისის შემდეგ „ჰუმანიტარული დერეფანი“ ოთხჯერ გაიხსნა და საერთო ჯამში, აფხაზეთში დაბრუნდა 2085 ადამიანი. სხვა წყაროებით ამ ინფორმაციის შემოწმება ვერ ხერხდება.

"საზღვრის" გადაკვეთისას ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ თან უნდა ჰქონდეთ ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი“, „უცხო ქვეყნის მოქალაქის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა“ და „ფორმა ნომერი ცხრა“.

კორონავირუსის პანდემიის საბაბით, დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტა. ამასთან, 1 აგვისტოდან აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ უპირობოდ გახსნა ე.წ. საზღვარი რუსეთთან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. თავად ოკუპირებულ რეგიონში, 10 აგვისტოს მდგომარეობით დადასტურებული აქვთ კორონავირუსის სულ 143 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG