Accessibility links

გახარია: ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყვარელში სიტყვით გამოვიდა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე.

პრემიერმა გაიხსენა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული „შინდისის გმირები“.

„დღეს, აქ, ყვარელში, ილიას სახლ-მუზეუმიდან ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უნდათ წარსული დაგვავიწყონ, ეს წარსული არ უნდა დავივიწყოთ და დღეს, 11 აგვისტოს, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ერთიანობისთვის ყველანაირი ყოყმანის გარეშე ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გასწირეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომლებზეც უნდა მოვუყვეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას”, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ილაპარაკა ქართული ტრადიციებისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე.

„ვინც რაც არ უნდა გვითხრას, ჩვენს წარსულს და ტრადიციებს არ დავივიწყებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლისთვის ღია არ ვიქნებით. ჩვენ ვიყურებით მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავალში, ჩვენი თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია ჩვენს მოქალაქეებზე და ხვალინდელ დღეზე. ამიტომ ყოველთვის ასე იყო, ეს არის „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანი, ის, რომ ადამიანი არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი, ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯერ პრობლემები ქვეყანაში ბევრია. დაგვემთხვა პანდემია - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯერ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სამუშაო ადგილები და შემდგომ უკვე ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ასევე გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა სოფლის მეურნეობაო. არა, ბატონო! სოფლის მეურნეობა და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრაგმატულ, ეფექტიან განზომილებაში უნდა გადავიყვანოთ, უნდა მივეხმაროთ ქართველ გლეხს, რომელმაც უნდა მოიყვანოს ქართული პროდუქტი. ყველამ ხომ კარგად დავინახეთ, პირველი პრობლემა პანდემიის დროს გახდა ის, ქვეყანა საიდან და როგორ მოგვემარაგებინა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებით, ეს იყო პრობლემა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ადგილობრივი წარმოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ოჯახებზე, თავიანთ თავებზე, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, აწარმოონ პროდუქტი, ეს არის ის, რაშიც ჩვენ უნდა მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს“, - თქვა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG