Accessibility links

მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის განმავლობაში 4000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის (NCDC) გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 11 აგვისტოს ტესტებისთვის ნიმუშების ამღები ბრიგადების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.

გამყრელიძე ამბობს, რომ „სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოხდა ნიმუშების ამღებთა მობილიზება, აქ არიან და არსებობს მორიგეობის გრაფიკი და საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ნიმუშების აღება. ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 900-მდე ნიმუშია აღებული, რომელიც სწორედ ახლა იგზავნება ზუგდიდსა და ქუთაისში. ვფიქრობთ, რომ სამი ლაბორატორია დღეს და ხვალ გამოკვლევას დაამთავრებს“.

როგორც NCDC-ს ხელმძღვანელი ამბობს, განსაზღვრულია დაახლოებითი სამიზნე კონტიგენტი, რომელიც გამოსაკვლევია. „თვითონ ლენჯერი თითქმის დავამთავრეთ. დაბა მესტიაში, ასევე უშგულსა და რამდენიმე სოფელში 4000-მდე განვსაზღვრეთ სამიზნე, გამოსაკვლევი ადამიანი, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე ტურისტებად ჩამოსული ჩვენი თანამოქალაქეები თუ უცხოელები“, - თქვა გამყრელიძემ.

მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის განმავლობაში 4000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება. მისი შედეგების მიხედვით, შედგება უახლოესი სამოქმედო გეგმა, როგორი და , რა სიმკაცრის იქნება შემზღუდველი ღონისძიებები და შესაბამისად, როგორ გაგრძელდება მოსახლეობასთან მუშაობა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში ბოლო ორი დღის განმავლობაში დადასტურებულია 11 შემთხვევა და მასთან ასოცირებული კიდევ ხუთი შემთხვევა თბილისში. ამის გამო გამოცხადდა შესაბამისი შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში.

გუშინ მესტიაში დახლოებით 380-მდე ნიმუში აიღეს, რომლის შედეგებიც დღეს იქნება.

საკმაოდ ორგანიზებულად მიდის მუშაობა, გუშინ ექვსი ბრიგადა მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და ასევე ადგილობრივი ბრიგადები.

მესტია მეორე დღეა ჩაკეტილია. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელში, ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG