Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოსთვის საეჭვოა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თავშეკავებული რეაქცია აქვს რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დარეგისტრირებაზე. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ტარიკ იაზარევიჩის განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინის წინასაწარ კვალიფიცირება მოითხოვს, რომ მისი რეალური ეფექტი და უსაფრთხოება განუხრელად ზუსტად შემოწმდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მჭიდრო კონტაქტი აქვთ რუსეთის ჯანდაცვის სისტემასთან და ვაქცინის დაშვების კრიტერიუმებს განიხილავენ.

პრეზიდენტმა პუტინმა 11 აგვისტოს გამოაცხადა, რომ დარეგისტრირებულია ახალი ვაქცინა "Спутник V", რომელიც მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს. პუტინის მტკიცებით, ვაქცინამ ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა და მისი ერთ-ერთი ქალიშვილი უკვე აიცრა კიდეც. რუსეთი ვაქცინის მასობრივად წარმოების დაწყებას 2021 წლის იანვრიდან აპირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებდა, ვაქცინის შემუშავებისას დაეცვა უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტების წარმოების ყველა სტანდარტი. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტით, ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა სამეტაპიანი უნდა იყოს და ბოლო, მესამე ეტაპზე ის უნდა გამოსცადონ რამდენიმე ათას ადამიანზე.

გერმანელი სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ რუსეთში წარმოებულ ვაქცინას არ გაუვლია გამოცდის მესამე, გადამწყვეტი ფაზა. ექიმთა ფედერალური პალატის პრეზიდენტმა, კლაუს რაინჰარდმა გერმანულ მედიასაშუალებებს უთხრა, რომ მესამე ეტაპის გარეშე ვაქცინის დარეგისტრირება ადამიანებზე სარისკო ექსპერიმენტია. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროპაში მსგავსი ვაქცინის საბოლოო რეგისტრაციისთვის საჭიროა კლინიკური გამოცდების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რომ ვაქცინა მართლაც ეფექტური და უსაფრთხოა.

რუსეთის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დარეგისტრირების გამო აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექს აზარმა ტელეკომპანია ABC-ს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია არა პირველობა, არამედ უსაფრთხოება.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ National Geographic-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაზე თქვა, რომ რუსეთის განცხადება სერიოზულ ეჭვებს იწვევს. „გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ორი სხვადასხვა რამაა“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ამჟამად ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში სპეციალისტები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასზე მეტ შესაძლო ვაქცინაზე. მათგან მინიმუმ ოთხი იმყოფება გამოცდის მესამე ეტაპზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG