Accessibility links

ფაშინიანს უფლებადამცველები და ოპოზიცია აკრიტიკებენ ლუკაშენკასადმი არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამშობლოში კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებასა და სასტიკ რეპრესიებში ადანაშაულებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შემდგომშიც შევძლებთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას როგორც ორმხრივ საფუძველზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მისალოც დეპეშაში, რომელიც მან ლუკაშენკას გაუგზავნა.

ცნობილმა სომეხმა უფლებადამცველმა არტურ საკუნცმა „დაუშვებელი“ უწოდა ფაშინიანის მიერ „ნაჩქარევ“ გადაწყვეტილებას და შეახსენა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, რომ იგი სწორედ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში.

ოპოზიციური პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანიც ნაჩქარევს უწოდებს ფაშინიანის ნაბიჯს და აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს „ღირებულებითი კონფლიქტი“ აქვს თავისსავე განვლილ გზასთან.

„ბელარუსში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. 3000-ზე მეტი ადამიანი დაპატიმრებულია. ციხეში არიან ოპოზიციის ლიდერები, მედიის მფლობელები და ჟურნალისტები. და ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრი (ფაშინიანი) გვერდს უვლის და საჩქაროდ ულოცავს ლუკაშენკას გამარჯვებას", - აცხადებს ედმონ მარუკიანი.

სომხეთის ლიდერის გარდა, ალიაქსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმა.

საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ბელარუსში სასტიკად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

ევროკავშირი ზომების მიღებით დაემუქრა ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და არჩევნების გაყალბებაზე.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო.

ციხანოუსკაიამ და მისმა მომხრეებმა არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

9 აგვისტოდან ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. 9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა და რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა. აქციების დარბევისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG