Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის „რუსულ ვაქცინაზე“: დაველოდებით კვლევების შედეგებს


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მისი დამოკიდებულება კორონავირუსის „რუსულ ვაქცინასთან“ დაკავშირებით არის ის, რომ მისი სანდოობა საჭირო კვლევებით უნდა იყოს გამყარებული:

„მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით. და ჩვენ ჯერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ამ კვლევების მონაცემებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამავე ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თავი შეიკავა კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინაზე საუბრისგან იმ დრომდე, სანამ საბოლოო შედეგები არ გახდება ცნობილი.

პრეზიდენტმა პუტინმა 11 აგვისტოს გამოაცხადა, რომ დარეგისტრირებულია ახალი ვაქცინა "Спутник V", რომელიც მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს. პუტინის მტკიცებით, ვაქცინამ ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა და მისი ერთ-ერთი ქალიშვილი უკვე აიცრა კიდეც. რუსეთი ვაქცინის მასობრივად წარმოების დაწყებას 2021 წლის იანვრიდან აპირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებდა, ვაქცინის შემუშავებისას დაეცვა უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტების წარმოების ყველა სტანდარტი. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტით, ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა სამეტაპიანი უნდა იყოს და ბოლო, მესამე ეტაპზე ის უნდა გამოსცადონ რამდენიმე ათას ადამიანზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG