Accessibility links

ჰონგ-კონგში გირაოთი გაათავისუფლეს საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მედიამაგნატი ჯიმი ლაი


ჰონგ-კონგში პეკინის გავლენის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მედიამაგნატი ჯიმი ლაი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევის ეჭვით იყო დაკავებული, გირაოთი გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს იტყობინება ჰონგ-კონგში გამომავალი გაზეთი South China Morning Post-ი. ამავე პირობით გაათავისუფლეს რამდენიმე სხვა აქტივისტიც.

პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისას ლაის ჰონგ-კონგის დემოკრატიული მოძრაობის ათობით მომხრე დახვდა.

ჯიმი ლაი და კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენის ორი ვაჟი და მისი კორპორაციის ორი ტოპმენეჯერი, 10 აგვისტოს დააპატიმრეს კანონის დარღვევის ეჭვით, რომელიც ახლახან მიიღო ჩინეთმა. ამ კანონიის დარღვევა გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას სამუდამო პატიმრობამდე.

მედიამაგნატი ეჭვმიტანილია „უცხო სახელმწიფოსთან გარიგებაში, შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოსვლასა და თაღლითურ შეთქმულებაში“.

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჩინეთის პარლამენტმა 30 ივნისს მიიღო. ის პეკინს უფლებას აძლევს, აღკვეთოს მოქმედებები, რომლებსაც ის მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარად, მათ შორის, კანონი მას უფლებას აძლევს აღკვეთოს საპროტესტო გამოსვლები და პასუხისგებაში მისცეს მისი ლიდერები. გარდა ამისა, კანონი ავტონომიაზე ავრცელებს ჩინეთის სპეცსამსახურების უფლებამოსილებებს.

კანონის კრიტიკოსთა თქმით, ის, ფაქტობრივად, წყვეტს იმ თავისუფლებების მოქმედებას, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ჩინეთმა მინიმუმ 50 წლის ვადით იკისრა, როცა გასული საუკუნის ბოლოს ბრიტანეთმა პეკინს გადასცა ჰონგ-კონგის სუვერენიტეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG