Accessibility links

გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ ილაპარაკა.

„მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი - უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ პირველ რიგში გვერდში დგომა“, - უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.

პრემიერი სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. „გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება და ინსტრუმენტი არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ესე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG