Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი: რუსეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება აზერბაიჯანში შეშფოთებას იწვევს


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი თქმით, სომხეთში უკანასკნელი კვირების განმავლობაში ახალი სამხედრო ტვირთები ჩაიტანეს მას შემდეგ, რაც ივლისში მორიგი მწვავე შეტაკებები მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიევმა ეს საკითხი ხუთშაბათს საღამოს დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში.

განცხადების თანახმად, საუბარი ალიევის ინიციატივით გაიმართა სომხეთისთვის რუსეთის სამხედრო დახმარების საკითხის განსახილველად.

განცხადების მიხედვით, ალიევმა თქვა, რომ 17 ივლისიდან მოყოლებული, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დეესკალაცია დაიწყო, „მოსკოვმა 400-მდე ტონა სამხედრო ტვირთი გაუგზავნა სომხეთს.“

„მიწოდება მოხდა ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით,“ თქვა ალიევმა და დასძინა, რომ ეს „სერიოზულ შეშფოთებას და შეკითხვებს აჩენს აზერბაიჯანის მოსახლეობაში“.

პუტინისა და ალიევის 12 აგვისტოს სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლმაც გამოაქვეყნა განცხადება, მაგრამ მასში არ არის ნახსენები სომხეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების თემა.

„პრეზიდენტებმა იმსჯელეს რეგიონულ საკითხებზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისში ვითარების გამწვავების კონტექსტში. რუსეთის მხარემ ხაზი გაუსვა ყოველგვარი მოქმედების დაუშვებლობას, რომელიც ვითარების ესკალაციას გამოიწვევდა,“ ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

სომხეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაზე.

12 ივლისს დაწყებულ შეტაკებებში, რაც რამდენიმე დღეს გაგრძელდა, დაიღუპა, სულ მცირე, სომხეთის ხუთი და აზერბაიჯანის 12 სამხედრო მოსამსახურე. შეტაკებებში გამოყენებული იყო მძიმე არტილერია და დრონები.

შეტაკებების შემდეგ ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელშიც რუსეთი თანათავმჯდომარეა აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის დიდი ხნის კონფლიქტის თაობაზე.

სომხეთი, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული, შედის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელშიც რუსეთი დომინირებს. ეს მას უფლებას აძლევს, რუსეთისგან სამხედრო დახმარება მიიღოს შეღავათიან ფასებში.

გავრცელებული ცნობებით, 2011 წელს აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიძინა ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება, მათ შორის თანამედროვე შემტევი იარაღი.

ივლისის სასაზღვრო ესკალაციის შემდეგ აზერბაიჯანმა სერბეთიც გააკრიტიკა სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისთვის.

ამასთან დაკავშირების აზერბაიჯანულ პრესაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ სერბეთიდან იარაღი სომხეთს მიეწოდა საქართველოს გავლით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ცნობები დეზინფორმაციად შეაფასა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG