Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან


საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი თბილისში
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი თბილისში

28 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და სხვადასხვა მონაცემით, ორივე მხრიდან იმსხვერპლა 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე. დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.

დღეს აფხაზეთში რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG