Accessibility links

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში და ორივე უფრო დაზიანებულ რეგიონში, მესტიასა და ყაზბეგში, მართვადია


ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და მათ შორის ორ შედარებით დაზიანებულ რეგიონში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება გასული დღე-ღამის სტატისტიკას, ამირან გამყრელიძის თანახმად, 23 ახალი შემთხვევიდან ე.წ. ლენჯერის კლასტერს 6 შემთხვევა უკავშირდება, ხოლო 11 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, რომელთა შორის ძირითადად ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებია.

ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ დროისათვის ორივე რეგიონში გამოკვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს:

„ყოველდღიურად 10-დან 16-მდე ეპიდბრიგადაა, რომლებიც იკვლევენ. დღევანდელი რიცხვით სადღაც 2800-მდე ნიმუშია, ბიოლოგიური ნიმუში გამოკვლეული მესტიის მუნიციპალიტეტში. დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაეწყება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევე, თუ არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიათ მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, დადასტურებული შემთხვევები პანიკის საფუძველს არ ქმნის და ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა, მათგან 6 ლენჯერში. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 30-ს აღემატება. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1306-მდე გაიზარდა.

14 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვია 1306, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 17 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1085.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 7597 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 261.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG