Accessibility links

ომბუდსმენი: შაქარაშვილის საქმეში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება


გიორგი შაქარაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება. განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი "ფეისბუკის" გვერდზე აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი, სახალხო დამცველის თანახმად, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელშიც იგი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა.

12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნონ და გაახმაურონ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც პროკურატურამ ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა. ბრალდება მათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინათ. ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატების თანახმად, შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალდებული პირები ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG