Accessibility links

თორნიკე რიჟვაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აჭარის წარმომადგენლობას ადგილობრივი კანტორა უწოდა


თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი კანტორა უწოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აჭარის წარმომადგენლობას და განაცხადა, რომ მას არ ენდობა. მისი ეს შეფასება კი მოჰყვა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას კვლევაზე, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოამზადა სახელწოდებით „რა და როგორ გაყიდა აჭარის მთავრობამ ავტონომიის ქონებიდან 2019 წელს“.

„ეს ის ორგანიზაცია, ხოო, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ აქ გახსნილი და ოფისმენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მაგათზე მეკითხებით, ხოო?

მე გეტყვით, რომ აჭარაში მაგ დასკვნებს აკეთებს ჩვეულებრივი ოფისმენეჯერები. ოფისმენეჯერები შედიან იურიდიულ ეკონომიკურ დისციპლინარულ საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენაში არ არიან.

ეხლა რაც შეეხება მაგ კონკრეტულ საკითხებს თუ შენიშვნებს, რაც შეეხება TCF-ს, რაც შეეხება მეორე დასახელებულ კონკრეტულ პროექტს, შეგიძლიათ გამოითხოვოთ აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროსგან ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არ ყოფილა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევა მოამზადა. კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

კვლევის მიგნებებს შორისაა ის, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3,500,000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს „ბანკი ქართუს” საკუთრება გახდა.

ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ „თანალმობამ” 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" - მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს, რათა გაიზარდოს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხი და აუქციონებში გაიმარჯვონ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG