Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის (და რატომ არის მნიშვნელოვანი) კამალა ჰარისი


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა ასეთი მნიშვნელოვანი ალბათ 1944 წლის შემდეგ აღარ ყოფილაო - წერს ამერიკული პრესა. მაშინ ცხადი იყო, ფრენკლინ დელანო რუზველტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მალე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მოუწევდა.

არსებობს ასეთი ამერიკული გამოთქმა - ვიცე-პრეზიდენტს ოვალური კაბინეტიდან მხოლოდ ერთი გულისცემა აშორებსო. ამის მიუხედავად, უკვე არაერთი წელია, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს უფრო პოლიტიკური სტრატეგიის კრიტერიუმებით ირჩევენ ხოლმეო, წერს „ვაშინგტონ პოსტი“ - რომელიმე მნიშნელოვანი შტატის გულის მოსაგებად, პარტიაში უკმაყოფილო ფრაქციის დასაშოშმინებლად ან პრეზიდენტობის კანდიდატის სუსტი მხარის დასაბალანსებლად.

პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის მიერ თანამებრძოლის დასახელებას განსაკუთრებული ყურადღებით ორი ფაქტორის გამო ელოდნენ.

პირველი ბაიდენის ასაკია. ის 77 წლისაა და ამერიკის ისტორიაში წამყვანი პარტიების მიერ დასახელებული ყველაზე მხცოვანი საპრეზიდენტო კანდიდატია. დიდია შანსი, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან ამ პოსტზე მხოლოდ ერთი ვადა დაჰყოს და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტის მნიშვნელობა განუზომლად იმატებს.

მეორე, არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორი ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატია. რასობრივი დაპირისპირებისა და სოციალური ცვლილებების ფონზე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლისთვის შეიძლება ძველი ყაიდის, ასაკოვანი თეთრკანიანი კანდიდატი საკმარისად მომხიბლავი არ აღმოჩენილიყო.

ჯო ბაიდენმა თანამებრძოლის ვინაობა მრავალკვირიანი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ დაასახელა. მან თავიდანვე დადო პირობა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნებოდა, თუმცა კონკრეტულად ვისზე შეაჩერებდა არჩევანს, დიდი ხნის განმავლობაში თავად მისთვისვე იყო უცნობი.

ამერიკულმა პრესამ არაერთი მოზრდილი სტატია მიუძღვნა კანდიდატის შერჩევის პროცესს. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, სერიოზულად განიხილებოდა პოპულარული სენატორის ელიზაბეტ უორენის კანდიდატურა, თუმცა ის კამპანიას არც ასაკობრივ და არც რასობრივ მრავალფეროვნებას შესძენდა. ფიქრობდნენ ბაიდენის მეგობარ სიუზან რაისზე, რომლის ძლიერ მხარესაც საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო დაიწუნეს.

საბოლოოდ არჩევანი კალიფორნიელ სენატორ კამალა ჰარისზე შეაჩერეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმარიში ბაიდენის კონკურენტი იყო.

კამალა ჰარისი დემოკრატიულ პარტიაში ცენტრისტად მიიჩნევა (თუმცა, ოპონენტებმა მას უკვე დასდეს ბრალი რადიკალიზმში). მას თავად მოუგია არაერთი რთული არჩევნები, რაც ამ დაძაბული კამპანიის დროს დემოკრატებს ნამდვილად გამოადგებათ.

ჯო ბაიდენისთვის პოლიტიკასთან ერთად ასევე ძალიან მნიშნელოვანია პირადი ურთიერთობები. ამ მხრივ კი კამალა ჰარისს განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა - ის ბაიდენის გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო.

არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომავლობაც. კამალა ჰარისი იამაიკელი მამის და ინდიელი დედის შვილია, რაც ბაიდენის კამპანიას მრავალფეროვნებას სძენს.

რამდენად წარმატებული იქნება ბაიდენ-ჰარისის დუეტი საბოლოოდ არჩევნებზე გამოჩნდება. თუმცა, დასაწყისი დემოკრატიული პარტიისათვის იმედისმომცემი ჩანს - ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებიდან 24 საათის განმავლობაში ჯო ბაიდენის კამპანიამ 26 მილიონი დოლარის მიღება შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG