Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამიშვილი: შეიცვალოს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის საქმის კვალიფიკაცია მკვლელობით


თეონა თამაზაშვილი, მიხეილ რამიშვილი, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი
თეონა თამაზაშვილი, მიხეილ რამიშვილი, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, გარდაცვლილის ოჯახთან ერთად, ითხოვს, შეიცვალოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კვალიფიკაცია. მისი შეფასებით, მანქანა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და არ არსებობს მასალები იმის დასამტკიცებლად, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადვოკატის თანახმად, კერძოდ, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მანქანა, რომელშიც გარდაცვლილი იმყოფებოდა, 5 დღის განმავლობაში იდგა შემთხვევის ადგილზე და მისი შემჩნევა მწყემსებმა ვერ შეძლეს.

მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს აჩვენა ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სამი დღის განმავლობაში, 12, 13 და 14 აგვისტოს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილის რადიუსში მწყემსი აუცილებლად შეძლებდა მანქანის დანახვას:

„აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ როგორი დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავისი დამცველი ოთხფეხა ძაღლი და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ იდგებოდა 5 დღის განმავლობაში“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, ნახირი აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გადაადგილდება. მანვე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება.

პრესკონფერენციაზე მიხეილ რამიშვილმა და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე 21 ივლისს საღამოს თეთრიწყაროს ორ სოფელში ელექტროენერგიის გამორთვის ფაქტზე. თამარ ბაჩალიაშვილის დედამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს მანქანის ე.წ. შემთხვევის ადგილზე მიყვანის მიზნით მოხდა. თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი შვილი მოკლულია და ამაში იმ მაღალჩინოსნების ხელი ურევია, რომელთა შესახებ ფაილებსაც, მისი ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გადააწყდა.

„ჩვეულებრივი მოკვდავი რომ ყოფილიყო, აქამდე მილიონჯერ იქნებოდა ეს გამოძიებული. აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც აშინებენ თეთრიწყაროს მოსახლეობას... მათ მიუწვდებათ ხელი სამხარაულის ექსპერტიზაზე, რომ გააყალბონ მონაცემები, წაშალონ ტელეფონში ინფორმაცია, წაშალონ კომპიუტერში ინფორმაცია და ასე შემდეგ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. იგი უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოჯახი და ადვოკატი ითხოვენ, საქმეში აქტიურად ჩაერთოს სახალხო დამცველი.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG