Accessibility links

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა სარეკორდო რიცხვს აფიქსირებს


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, ახალი კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა სარეკორდო მაჩვენებელი - 294 237 - აღნუსხა.

ანგარიშში, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, გაეროს ჯანმრთელობის დაცვის ორგანო აცხადებს, რომ მსოფლიოში დაავადების შემთხვევათა საერთო რიცხვმა 21 მილიონი შეადგინა.

ამ ანგარიშში დათვლილია კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის 9985 დამატებითი შემთხვევა, რაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელს მსოფლიოში 755 786-ს ხდის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები მოიცავს ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებს, რომლებიც, რეალურად, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

ორგანიზაციის ბოლო მონაცემები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსეთმა ინფიცირებულთა დაახლოებით 5000 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა და შეერთებულმა შტატები ტესტირების შემცირების ფაქტის წინაშე დადგა, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ინფექციის ზედამხედველობის პროცესს. COVID Tracking-ის მონაცემების თანახმად, ტესტირების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი აშშ-ში 9 პროცენტით ნაკლებია ივლისის ბოლოსთან შედარებით. პანდემიის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ცდილობდნენ ფართოდ გაევრცელებინათ ტესტირება, ვირუსის ზედამხედველობისა და მისი გავრცელების თავიდან ააცილების მიზნით. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, პრობლემა უფრო მოთხოვნილებაა, ვიდრე მიწოდება. ტესტირების შემცირება მოჰყვა იმას, რომ ახალი შემთხვევების ხუთდღიანმა ცვალებადმა საშუალო მაჩვენებელმა კლება დაიწყო და ის, ორი კვირის წინანდელი პიკიდან, - როცა დაახლოებით 68 000 შემთხვევა აღინუსხა, - დღევანდელ, დაახლოებით 60 000 შემთხვევამდე შემცირდა.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბევრი ამერიკელისთვის ხელისშემშლელი ფაქტორებია გრძელ რიგებში დგომა და ტესტის დაგვიანებული შედეგები, ან ის, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, ან განსაკუთრებით ავად არ არიან, არ გადიან ტესტირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG