Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ მზად არის ეროვნული ლიდერობისთვის


ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებში ლუკაშენკას მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაავრცელა მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს ეროვნული ლიდერი, რათა ბელარუსი დამშვიდდეს, ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და უმოკლეს დროში მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი, რეალური, გამჭვირვალე და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელსაც უპირობოდ მიიღებს მსოფლიო თანამეგობრობა.

ციხანოუსკაია აღნიშნავს, რომ არ სურდა პოლიტიკოსობა, მაგრამ ბედმა და ხალხმა გადაწყვიტეს და განუკითხაობასა და უსამართლობასთან დაპირისპირების წინა ხაზზე აღმოჩნდა: „თქვენ მომეცით თქვენი ხმები. ამას ძალიან ვაფასებ და ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ ეს. ჩვენ ყველას გვინდა გამოვიდეთ დაუსრულებელი წრიდან, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით“.

სვიატლანა ციხანოუსკაიას თქმით, ამ დღეებში ბელარუსიელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ შეუძლიათ თვითორგანიზება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი თავის და ახლობლების დაცვა და, რაც მთავარია, ამას თავადაც მიხვდნენ. ამიტომ, ეს ენერგია და საზოგადოებაში მომხდარი დადებითი ცვლილებები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

ციხანოუსკაიას განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ბელარუსის დამოუკიდებლობა, რომელიც არცერთ შეთხვევაში არ უნდა დაიკარგოს. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბელარუსის მოქალაქეებს მიმართავს, შეინარჩუნონ ძალა, მოთმინება და სოლიდარობა და ამბობს, რომ დღეს ბელარუსს მთელი მსოფლიო უყურებს და მის დასახმარებლად მზად არის.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ სვიატლანა ციხანოუსკაია ლიეტუვაში გაემგზავრა. მის შტაბში აცხადებენ, რომ ეს იყო ზეწოლის და მუქარის შედეგი, ისევე, როგორც 11 აგვისტოს გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ციხანოუსკაია დაწერილ ტექსტს კითხულობდა და მომხრეებს მოუწოდებდა, ქუჩაში აქციებზე აღარ გასულიყვნენ.

ბელარუსში კვირაზე მეტია გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 80%-ით, ციხანოუსკაიამ კი 10% მიიღო. ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG