Accessibility links

დიდი ბრიტანეთი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი.

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად ცნო და განაცხადა, რომ არ აპირებს მის აღიარებას.

ამ განცხადებით 17 აგვისტოს გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი. მან დაგმო ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების, მისი თქმით, „უპრეცედენტო ჩახშობა“ და არ გამორიცხა, რომ აქციების დაშლისთვის პასუხისმგებელთა მიმართ სანქციები დაწესდეს. რააბი დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.

ლონდონის განცხადებას წინ უსწრებდა ორდღიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მთელი ბელარუსის მასშტაბით. ამ მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია. სამოქალაქო აქცია, რომელიც მინსკში გაიმართა 16 აგვისტოს, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ყველაზე ხალხმრავალი იყო დამოუკიდებელი ბელარუსის ისტორიაში. მასში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ აქციები უკვე მეორე კვირაა გრძელდება. 9 აგვისტოს არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა - ზედიზედ მეექვსე ვადით. დაკავებულია 6700-მდე ადამიანი, ასობით დაიჭრა, ოფიციალურად დადასტურებულია ერთი დემონსტრანტის სიკვდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG