Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში მუშაობა დაიწყო დემოკრატიული პარტიის ყრილობამ


ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სენატორი კამალა ჰარისი.

აშშ-ში ორშაბათს საღამოს მუშაობა დაიწყო დემოკრატიული პარტიის ყრილობამ, რომელზეც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სენატორ კამალა ჰარისს ოფიციალურად წამოაყენებენ აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად.

ყრილობა ისტორიაში პირველად ტარდება ვირტუალურად. დელეგატები შინ იმყოფებიან ტელეეკრანებისა და კომპიუტერების წინ, გამომსვლელები მათ ონლაინ რეჟიმში მიმართავენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

პირველი დღის მთავარი მომხსენებელი იყო ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა. ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკით გამოვიდა და მას ქვეყნისთვის „შეუფერებელი“ პრეზიდენტი უწოდა.

„მას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რათა დაემტკიცებინა, რომ შეუძლია ამ საქმისთვის თავის გართმევა. სრულიად აშკარაა, რომ მას ამის ძალა არ შესწევს. მას უბრალოდ არ შეუძლია იყოს ის, ვინც გვესაჭიროება მოცემულ მომენტში,“ განაცხადა მიშელ ობამამ.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა თქვა, რომ ამ არჩევნებში წყდება ამერიკული დემოკრატიის მომავლის, ეკონომიკის მომავლისა და პლანეტის მომავლის ბედი.

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოდის დონალდ ტრამპის რამდენიმე რესპუბლიკელი ოპონენტი. ყრილობის პირველ დღეს სიტყვა მიეცა ოჰაიოს შტატის ყოფილ გუბერნატორს და რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ყოფილ მებრძოლს, ჯონ კეისიკს, რომელმაც ტრამპს ბრალი დასდო იმაში, რომ ის ქვეყნის გახლეჩაზე დებს ფსონს. ამერიკა გზაგასაყარზე იმყოფება და საჭიროა სწორი გზის არჩევაო, თქვა მან.

თავის მხრივ პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა მინესოტასა და ვისკონსინში. „ჩვენ არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წავაგოთ, თუ ის გაყალბებული იქნება,“ განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელიც უკანასკნელ ხანებში უნდობლობას უცხადებს ფოსტის მეშვეობით კენჭისყრას. როგორც მოსალოდნელია, ამ მეთოდით წელს ისარგებლებს ამომრჩეველთა ძალზე დიდი რაოდენობა, ისინი, ვინც მოერიდება კორონავირუსის პანდემიის გამო საარჩევნო უბნებში მისვლას.

დემოკრატიული პარტიის ყრილობა ხუთშაბათს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG