Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში გამოსვლები გააგრძელდა მას მერე, რაც ლუკაშენკას ერთ-ერთ ქარხანაში გამოსვლისას ხელი შეუშალეს


ათასობით დემონსტრანტი გავიდა მინსკის ქუჩებში 17 აგვისტოს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართ, რომელმაც ამავე დღეს განაცხადა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლებელია, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.

დემონსტრანტები აფრიალებდნენ ოპოზიციის წითელ-თეთრ დროშებს და ლუკაშენკას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

65 წლის ლიდერი, რომელსაც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ქარხანაში სიტყვით გამოსვლისას ხელი შეუშალეს, დათმობაზე წავიდა, განიხილონ საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალაუფლების გარკვეული განაწილების მიზნით, მზარდი ზეწოლის პირობებში.

9 აგვიტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური შედეგებით, ლუკაშენკამ 80 პროცენტი მიიმხრო, რაც გაყალბების შედეგად მიღწეულ გამარჯვებად იქნა მიჩნეული.

17 აგვისტოს დემონსტრანტებმა გამოსვლა მოაწყვეს ორ საპატიმროსთან და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

პოლიციამ უშუალოდ 9 აგვიტოს შემდგომი დემონსტრაციები ჩაახშო, დაკავებულია ათასობით ადამიანი, სულ მცირე, ორი პირი დაიღუპა. მათი გათავისუფლებული ნაწილი იტყობინება ციხეებში სასტიკი მოპყრობისა და საშინელი პირობების შესახებ.

ევროკავშირი 19 აგვისტოს აპირებს, ბელარუსის გარშემო იმსჯელოს საგანგებო ვიდეოშეხვედრაზე. ეუთომ შეშფოთება გამოთქვა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების, დემონსტრანტების დაკავებისა და უშიშროების ძალების მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG