Accessibility links

სახელმწიფო მინისტრი ავრცელებს განცხადებას ოკუპირებული რეგიონების დახმარების შესახებ


ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების დღიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადაიყვანეს 4 პაციენტი, მათ შორის სამედიცინო სფეროს 2 წარმომადგენელი. ოთხიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, სამის მკურნალობა კი გრძელდება. ინფორმაცია დღეს, 20 აგვისტოს გაავრცელა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

მისივე ცნობით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ერთობლივად მომზადდა ოკუპირებული რეგიონებიდან პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც ექიმები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უზომავენ სიცხეს და ჩივილების შესაბამისად ხდება მათი გადაყვანა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მიზნით, რეკორდულ დროში აღიჭურვა და მუშაობა დაიწყო რუხის საავადმყოფომ, რომელიც აშენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურებაზე გამარტივებული წვდომის უზრუნველსაყოფად.

სამთავრობო უწყება აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ამ გამოწვევასთან მარტო არ დატოვებს და მათი დახმარებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა, რასაც აფხაზეთიდან პაციენტების მიღების გარდა მოჰყვა სხვა კონკრეტული ქმედებებიც:

ცნობიერების ამაღლების მიზნით, უმოკლეს ვადაში აფხაზურ და ოსურ ენებზე ითარგმნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გავრცელდა საინფორმაციო მასალა კოვიდ-ინფექციასთან გამკლავების მიზნით რეკომენდაციებისა და პრევენციული ზომების შესახებ, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მომზადებული პროტოკოლები და სახელმძღვანელოები; ასევე, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.stopcov.ge ხელმისაწვდომი გახდა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

• გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივი ექიმებისთვის რეგულარულ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინ-კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი რჩევების მიცემა ქართველი სპეციალისტების მიერ; საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის;

• პანდემიასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მთავრობას არ შეუჩერებია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა, აქედან 316 სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი სხვადასხვა დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო 589 პირს საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რათა შევინარჩუნოთ აქტიური კომუნიკაცია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ყველა შესაბამის რგოლთან, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რეგულარულად მივიღოთ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

სახელმწიფო უწყება იმასაც აღნიშნავს, რომ ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შედეგად, ამ დრომდე სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება ცხინვალის რეგიონი:

„ხელისუფლებამ იმთავითვე გამოთქვა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მზადყოფნა როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ცხელი ხაზის მეშვეობით, თუმცა ამ დრომდე ამის შესაძლებლობა არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს - ადგილზე მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ეთხოვა მოსახლეობის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაზრდა, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა. უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება ძალისხმევა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა“.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დღევანდელი განცხადება ერთგვარი პასუხია საქართველოს მთავრობისადმი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოწოდებაზე, ეპიდაფეთქების გამო გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.

19 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 221 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG