Accessibility links

ცხინვალის სასამართლოში მიმდინარეობს ხვიჩა მღებრიშვილის საქმის განხილვა


ცხინვალის სასამართლო

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარეობს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით ინფორმაცია დაუდასტურეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, 30 ივლისს, ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.

ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG