Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებზე: არ ვაიძულებთ შიმშილობას, ეს მათი სურვილია


Georgia -- Davit Kazarashvili
Georgia -- Davit Kazarashvili

20 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი არასრულწლოვნების მიერ შიმშილობის დაწყებას ბრალდებულების სურვილით ხსნის. ამის შესახებ მან ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

"არ ვაიძულებთ ვინმეს, რომ იშიმშილოს, ეს არის მათი პოზიცია... შიმშილობა არ ნიშნავს ადამიანის რაიმე სახით შეზღუდვას, მას მიეწოდება საჭმელი იმ დოზით, რა დოზითაც მიეწოდებოდა", - თქვა მან.

არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამის შესახებ მედიას მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა. მისივე თქმით, შიმშილობა დაიწყო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ.-მ. არასრულწლოვნებიდან სწორედ ამ ორს ედავება გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას.

19 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა გურამ ამირხანაშვილის დაკითხვის ის ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, გახდა მიზეზი, რა მოტივითაც დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.

პროკურატურამ დამატებითი ბრალი 5 პირს 11 აგვისტოს წაუყენა, ბრალის წარდგენის შემდეგ კი ყველა ადვოკატს საქმის დეტალების გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი.

გამოძიების თანახმად, 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდიდან არაგვის ნაპირამდე გიორგი შაქარაშვილს "ტოიოტა ქამრის" ხუთმა მგზავრმა სდია. მათ ფეხბურთელს არაერთი დაზიანება მიაყენეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG