Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის პროტესტი "პრაღის გაზაფხულს" შეადარა


საპროტესტო აქცია მინსკში. 2020 წლის 16 აგვისტო
საპროტესტო აქცია მინსკში. 2020 წლის 16 აგვისტო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსის ხელისფლებაზე ზეწოლას.

DW-ს ინფორმაციით, დღეს დილით, ბერლინიდან სლოვაკეთში გამგზავრების წინ, მაასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ რეალობას უნდა შეხედოს და მიხვდეს, რომ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგით. ჰაიკო მაასმა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეადარა 1968 წლის „პრაღის გაზაფხულს". მაასის განცხადებით, ბელარუსის მოქალაქეებიც ცვლილებებს მოითხოვენ.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში გაიმარჯვა არა ალექსანდრ ლუკაშენკამ(80%), არამედ მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ. აქციების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად არბევდნენ. დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 7 ათასამდე ადამიანი დააკავა.

ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის და ახალი არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნა საკოორდინაციო საბჭო და მთავრობას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკამ საბჭოს შექმნას ხელისუფლების მიტაცების მცდელობა უწოდა. ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ საბჭოს დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

19 აგვისტოს, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ ცნეს. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG