Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლოზე მოწმეები გამოიკითხებიან


მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომაზე, დღეს მოწმეები გამოიკითხებიან.

გამოძიება, ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს, ვინ იქნებიან ის მოწმეები, რომლებიც 21 აგვისტოს, სასამართლო სხდომაზე გამოიკითხებიან.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე ვარაუდობს, რომ სასამართლოში დღეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს გამოკითხავენ:

„რა თქმა უნდა, აღნიშნული მოწმეები გამოიკითხებიან იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფარგლებში, რა ღონისძიებებიც მათ გაატარეს. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება კითხვები“.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან, სამი არასრულწლოვანი შიმშილობას აგრძელებს. ისინი ე.წ. სიცრუის დეტექტორზე ტესტირებას მოითხოვენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამჟამად, დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG