Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორის თქმით, სამი გამომძიებელი და სამი აგარაკის დაპირისპირებაში მონაწილე გამოიკითხება


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომაზე, პროკურორ დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, ექვსი მოწმე - სამი გამომძიებელი და სამი მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირი გამოიკითხება.

მისი თქმით, 21 აგვისტოს სხდომაზე, მოწმეებმა უნდა დაადასტურონ, თუ რა მოტივი ჰქონდათ „მერსედესის“ და „კამრის“ მგზავრებს და რატომ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას:

„გარდა ამისა, დაიკითხებიან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი პირები, რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნული მოქმედებების სისწორეს. კონფლიქტი დაიწყო აგარაკზე. „მერსედესის“ და „კამრის“ მგზავრებიდან იყო რამდენიმე, რომლებსაც მიადგათ ფიზიკური ზიანი. ისინი გაემართნენ თბილისში და სხვა პირებთან ერთად დაბრუნდნენ [მცხეთაში] შურისძიების მოტივით. მოტივი წარმოჩინდა უშუალოდ აგარაკზე და აგარაკიდან იწყება ეს ყველაფერი, მიდიან თბილისში და ბრუნდებიან თავდასხმის მიზნით. ის პირები, რომლებიც აგარაკზე არ იმყოფებოდნენ, წამოიყვანეს აგარაკზე მყოფმა პირებმა და მხარს უჭერდნენ მათ“.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. გუშინდელ სხდომაზე დაცვის მხარე სასამართლოზე შესავალი სიტყვით წარსდგა. 21 აგვისტოს სხდომაზე კი საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG