ქობულეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევაა. ინფიცირებულია ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონე. მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც კორონავირუსი 20 აგვისტოს, თბილისში დაუდასტურდა.
საოჯახო სასტუმროში მცხოვრები 18 პირი კარანტინში გადაიყვანეს. ინფიცირებულის ოჯახის 3 წევრი თვითიზოლაციაშია. პაციენტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
15 აგვისტოს, ქობულეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კაფე „ჰავანის“ თანამშრომელ ქალს, მომდევნო ორ დღეში კი - მასთან კონტაქტში მყოფ 4 პირს.
19 აგვისტოს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში, კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდება და მიზნობრივ ჯგუფებს დაემატება კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი. 20 აგვისტოს გაირკვა, რომ კერძო სექტორისთვის PCR-დიაგნოსტიკა ფასიანი იქნება.
საქართველოში PCR-ტესტირება 150-250 ლარი ღირს. შესაბამისად, თუ ტურისტული ობიექტების მფლობელებს თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ექნებათ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარჯს, რომელმაც შემოსავლების შემცირების ფონზე ისედაც მოიმატა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ზომების დაცვის გამო.
დაწერეთ კომენტარი