Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაიამ პირველი პრესკონფერენცია გამართა ვილნიუსში


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 21 აგვისტოს პირველი პრესკონფერენცია გამართა მას შემდეგ, რაც იძულებული გახდა დაეტოვებინა ბელარუსი და წასულიყო ლიეტუვაში, სადაც 10 აგვისტოდან იმყოფება.

„აუცილებელია შევაჩეროთ ძალადობა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები და უზრუნველვყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ბელარუსში“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

„დოიჩე ველეს“ შეკითხვაზე, თუ რამდენად აქვს შიში ბელარუსის საქმეებში რუსეთის ჩარევისა, მათ შორის, სამხედრო ძალით, ციხანოუსკაიამ მოკლედ აღნიშნა, რომ „მოუწოდებს ყველა ქვეყანას, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს“.

ციხანოუსკაიმ განაცხადა, რომ სურს დაბრუნდეს სამშობლოში, თუ უსაფრთხოება იქნება გარანტირებული.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველა ცხოვრობს შიშში. მაგრამ ჩვენი ვალია გადავლახოთ შიში და ვიაროთ წინ“, - აღნიშნა ციხანოუსკაიამ დევნილობაში გამართულ თავის პირველ, 15-წუთიან, პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ჟურნალისტთა შეკითხვებს რუსულ და ინგლისურ ენებზე პასუხობდა.

წინა დღით, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ვილნიუსში შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელსაც უწოდა „ბელარუსის საერთო-ეროვნული ლიდერი“.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი დაჰპირდა ციხანოუსკაიას, რომ ლიეტუვის მთავრობა პოლონელ, ლატვიელ და ესტონელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ბელარუსში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისათვის და იმისათვის, რომ ციხანოუსკაიას „შვილები მალე ჩაეხუტონ თავიანთ მამას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG