Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ დაიცავს თუ არა გელხაური ზ.ხ.-ს ინტერესებს არასრულწლოვანთა სასამართლო სხდომებზე, უცნობია


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს, 21 აგვისტოს, სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ზ.ხ. სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა და მან და მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა სასამართლო დატოვეს.

როგორც გიორგი გელხაური ეუბნება რადიო თავისუფლებას, საზოგადოებრივი ადვოკატი ზ.ხ.-ს მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეზე დაენიშნა, რომელიც ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება, 109-ე მუხლს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ამ მუხლით მიმდინარე საქმეზე, გელხაური კვლავ ზ.ხ.-ს ადვოკატი იქნება.

გიორგი გელხაურის თქმით, ის უახლოეს პერიოდში შეხვდება მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს და გადაწყვეტენ, საზოგადოებრივ ადვოკატთან ერთად ისიც დაიცავს თუ არა ზ.ხ.-ს არასრულწლოვანთა საქმეზე მიმდინარე სხდომებზე:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სასამართლო პროცესზე თავს შეუძლოდ გრძნობდა, მოსამართლემ თავდაპირველად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეგრძელებინა სხდომა. ამიტომ ზ.ხ. იძულებული გახდა დაეტოვებინა სხდომა და მეც მთხოვა, რომ სხდომას აღარ დავსწრებოდი. შემდგომ უკვე სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეში ჩართულიყო საზოგადოებრივი ადვოკატი. ეს ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ რამეს, რომ სხდომები ინიშნება ფორსირებულ რეჟიმში. არავინ ითვალისწინებს არასრულწლოვნის ინტერესებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეუძლოდ იმიტომ გახდა, რომ ოთხი დღეა შიმშილობს, მაგრამ ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ. სასამართლოს მიზანია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს და დააყენოს განაჩენი. მე უახლოეს პერიოდში შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, მე ამ პროცესს გავაგრძელებ თუ არა“.

21 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დანიშნული იყო 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა. სხდომაზე ექვსი მოწმე უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, გადაიდო.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან, ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG