Accessibility links

ადვოკატი ნიკოლოზ ბასილაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს


ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველთა განცხადებას ეხმაურება. საქმე ეხება ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბრალის დაზუსტებასა და ძალადობის რამდენიმე ეპიზოდის დამატებას.

ირმა ჭკადუა, ბასილაშვილის ყოფილი ცოლის უფლებადამცველთა განცხადებას, ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე, მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე მორიგ ფსიქოლოგიურიუ ზეწოლად აფასებს.

ირმა ჭკადუას განმარტებით, „რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის - ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს“.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბრალდებული ჩოგბურთელის ბრალი დაზუსტდა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდიც დაემატა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯამში მას ბრალი წარდგენილი აქვს 5 ეპიზოდში.

"ახლა მას დაემატა 21 მაისამდე ჩადენილი ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდი და გენდერული ნიშნით სისტემატური ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ნაწილი", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ორგანიზაციაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2013 წელს დაქორწინდნენ და 2019 წლამდე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათი ვაჟი 2015 წელს დაიბადა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG