Accessibility links

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს „არაკეთილმოსურნე პოზიციისთვის“ აკრიტიკებს


ულაძიმირ მაკეი

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ულაძიმირ მაკეიმ, რომელიც ყველზე პროდასავლელ პოლიტიკოსად მიიჩნევა ლუკაშენკას გარემოცვაში, კონტრპროდუქტიული უწოდა ბელარუსის მიმართ სანქციების მოსალოდნელ ამოქმედებას და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ დარჩება უპასუხოდ.

„ჩვენ ახალ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. მაგრამ რომელ ქვეყანას გაუვლია უმტკივნეულოდ სახელმწიფოებრივი ფორმირების გზა? მოგვეცით ნება, რომ თქვენი დახმარებით გავიაროთ ეს გზა და არა პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ბეკრეტებით ჩვენი იძულების მცდელობით. გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ ამას ჩვენ ვერ განვიხილავთ სხვაგვარად, თუ არა, როგორც ბელარუსის რესპუბლიკის სუვერენიტეტისთვის ზიანის მომტან, არაკეთიმოსურნე მოქმედებას, რასაც პასუხის გარეშე ვერ დავტოვებთ“, - აცხადებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მიმართვაა მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა.

ოპონენტების დევნის, დემონსტრანტების სასტიკად დარბევისა და რეპრესიების გამო, ევროკავშირის ლიდერები 19 აგვისტოს შეთანხმდნენ, რომ სანქციებს დაუწესებენ ყველა იმ მოხელეს, ვისაც კავშირი აქვს ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფასთან.

"ეს არ არის პირველი სანქციები ჩვენს ისტორიაში. და ჩვენი ისტორია ამით არ მთავრდება. ჩვენ მას გავივლით ისევე, როგორც მანამდე გავიარეთ. მათი შედეგები თქვენთვის ცნობილია. ჩვენ ნამდვილად ყველანი ერთად დავკარგავთ დროს, დავკარგავთ რიტმს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყნებს და საზოგადოებებს, მით უფრო, თანამედროვე სწრაფ მსოფლიოში", - მიმართავს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს.

17 აგვისტოს რამდენიმე საინფორმაციო წყარომ გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, საპროტესტო აქციების ფონზე, გადადგომას აპირებდეს.

მაგრამ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ულაძიმირ მაკეის გადადგომას „ფეიკი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მინისტრი თავის კაბინეტშია და „დატვირთული მუშაობს“.

19 აგვისტოს პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თითქმის უცვლელად დაამტკიცა ბელარუსის მთავრობის შემადგენლობა.

სხვა მინისტრებთან ერთად თავისი პოსტი შეინარჩუნა ულაძიმირ მაკეიმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG