Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ნავალნაიამ პუტინს მოსთხოვა, მისი მეუღლე, ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გაუშვას


იულია ნავალნაია
იულია ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილით მიმართა და მოსთხოვა მას, გასცეს ნებართვა მისი მეუღლის გერმანიაში ტრანსპორტირების თაობაზე. ალექსეი ნავალნი უგონოდ იმყოფება ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს.

„მიმაჩნია, რომ ალექსეი ანატოლის ძე ნავალნის ესაჭიროება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 21 აგვისტოს 12:00-დან გვაქვს ყველა საშუალება ალექსეის დაუყოვნებელი ტრანსპორტირებისთვის უმაღლესი დონის ექიმების ზედამხედველობით.

ოფიციალურად მოგმართავთ და მოვითხოვ, გასცეთ ნებართვა ალექსეი ანატოლის ძე ნავალნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადაყვანის თაობაზე“, წერს იულია ნავალნაია.

ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა უარი თქვა, გაეცა ნებართვა ალექსეი ნავალნის გერმანიის კლინიკაში გადაყვანაზე, რის მიზეზადაც დაასახელა პაციენტის არასტაბილური მდგომარეობა.

ალექსეი ნავალნი გუშინ ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა. ის აეროპორტში დაჯდომისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

რუსული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, კომატოზურ მდგომარეობაშია.

რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ კი უკვე გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ იგი მოწამლეს.

გავრცელებული ცნობით, წუხელ ომსკში უკვე გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც მზადაა ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანოს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გუშინ განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG