Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სახელმწიფო მინისტრი მშვიდობისთვის ხელშეშლად აფასებს


ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ჩართულობით გაგრძელდება მუშაობა ხვიჩა მღებრიშვილისა და საქართველოს მოქალაქე სხვა დაკავებულების გასათავისუფლებად.

„საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“, - აცხადებს თეა ახვლედიანი.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, 30 ივლისს, ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG