Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე პროკურატურას მიკერძოებაში ადანაშაულებს და გიორგი გახარიას მოუწოდებს თქვას სიმართლე


„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა პროკურატურის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი თანამებრძოლის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

ჯაფარიძე პროკურატურას არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას „გათეთრების უბადრუკ მცდელობაში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროკურატურისგან სასიკეთო არაფერია მოსალოდნელი.

„ლელოს“ ლიდერი მიჩნევს, რომ თუ გიორგი გახარიას აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა ამ წერილთან დაკავშირებით.

„მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით. დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში და კომპეტენტური პროკურატურის არსებობის შემთხვევაში ყველაფრის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი. ჩვენ გვყავს მიკერძოებული პროკურატურა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის განცხადების სახით, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი პროკურატურის პირობებში, პროკურატურისგან გახარიას გათეთრების გარდა, სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ხელისუფლება შესაცვლელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის სამსახურში მყოფი პასუხისმგებლიანი, მცოდნე და კომპეტენტური ახალი თანამედროვე უწყება“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ „რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა.

გიორგი გახარიამ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, თავის დროზე არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

22 აგვისტოს გიორგი გახარია ამ ამბავს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის „ამ სასაცილო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შემესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ“.

„არტარეას“ უყურებთ? უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG