Accessibility links

ბელარუსიდან გამოაძევეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტები. დაბლოკეს ბელარუსული სამსახურის საიტი


მინსკში 21 აგვისტოს მილიციამ დააკავა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მოსკოვის ბიუროს თანამშრომლები, იულია ვიშნევეცკაია და ანდრეი კისილიოვი, რომლებიც ბელარუსში იმყოფებოდნენ იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად.

ჟურნალისტები საბუთების შემოწმების მიზნით, მინსკის სატრაქტორო ქარხანასთან გააჩერეს და რამდენიმე საათით ჰყავდათ დაკავებული მილიციის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვიშნევეცკაია და კისილიოვი დეპორტირებული არიან ბელარუსიდან და მათ ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა.

რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიზი სინდელარმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლება უგულებელყოფს აკრედიტაციის შესახებ თხოვნას უცხოელი ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ცდილობენ ბელარუსში ჩასვლას იქ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გასაშუქებლად.

"ეს ტაქტიკა ხელისუფლებას აძლევს საბაბს, რომ ცინიკურად დააკავოს და დეპორტაცია გაუკეთოს ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც ოფიციალური სტატუსის გარეშე გარისკავს ბელარუსში ჩასვლას. ეს არის დასუსტებული დიქტატორის მცდელობა, ხელი შეუშალოს მოვლენების გარედან გაშუქებას", - ნათქვამია დეიზი სინდელარის განცხადებაში.

ამასთან, ბელარუსის ხელისუფლებამ დაბლოკა რადიო თავისუფლებისა და კიდევ ორმოცამდე საიტზე წვდომა ქვეყნის ტერიტორიაზე.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დაბლოკილთა სიაში ასევე მოხვდნენ „ბელსატი“, „ევრორადიო“, „მედიაზონა“, „ტრიბუნა“, „რეგნუმი“ და სხვა გამოცემები.

შეფერხებულია წვდომა ოპოზიციის წარმომადგენლების - ვიქტარ ბაბარიკას, ვალერ ცეპკალასა და ნიკოლაი სტატკევიჩის საიტებზე.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

აქციების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად არბევდნენ. დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მიზნით შექმნა საკოორდინაციო საბჭო და მთავრობას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკამ საბჭოს შექმნას ხელისუფლების მიტაცების მცდელობა უწოდა.

19 აგვისტოს, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ ცნეს. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG