Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა სამხედრო უწყებას მოუწოდებს, „უმკაცრესი ზომები“ გაატაროს „ქვეყნის ერთიანობის“ დასაცავად


ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, დაავალა ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა და დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდალს, რომ მიიღონ „უმკაცრესი ზომები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“.

სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ლუკაშენკამ აღნიშნული განცხადება გააკეთა 22 აგვისტოს, ჰროდნოს მახლობლად მდებარე სამხედრო პოლიგონზე, სადაც თავდაცვის სამინისტროს სატანკო ბატალიონისა და სარაკეტო დივიზიონის მართვის პუნქტი დაათვალიერა.

როგორც იუწყებიან, სამხედრო პოლიგონიდან ლუკაშენკა გაემგზავრა ქალაქ ჰროდნოში, სადაც მისი მხარდამჭერი მიტინგი იმართება.

მანამდე ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ჰროდნოს ყოფილი გუბერნატორი და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე დანიშნა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ულაძიმირ კარანიკი.

ყოფილი გუბერნატორის, ულაძიმირ კრაუცოვის თანამდებობიდან გადაყენების ფონია ჰროდნოში მიმდინარე საპროტესტო აქციები და გაფიცვები, დევნილობაში მყოფი პრეზიდენტობის კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მხარდასაჭერად.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 22 აგვისტოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას დაავალა, რომ ყველა ღონე იხმარონ ქვეყნის დასავლეთ ნაწილის და მისი „მარგალიტის“, ქალაქ ჰროდნოს დასაცავად.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორშაბათიდან ხელისუფლება „უმკაცრესად აღკვეთს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებზე ნებისმიერ ზეწოლას“, რასაც, ლუკაშენკას თქმით, ე.წ. შავრაზმელების ასეულები ახორციელებენ.

„დღეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები - ჰიბრიდული ომის ნაწილს წარმოადგენს. ყველაფერი კონცენტრირებულია მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე. დაიწყეს ზეწოლა, ოჯახების დევნა. დაიწყეს ბავშვების, სახელმწიფო მოხელეების, სამხედროებისა და ჟურნალისტების დაშინება. ეს არანორმალურია. ის უსასტიკესად იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში გაიმარჯვა არა ალექსანდრ ლუკაშენკამ(80%), არამედ მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი.

19 აგვისტოს, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ ცნეს. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG