Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას ეცდება


პარტიის „ლელო საქართველოსთვის” ლიდერები შიშობენ, რომ შესაძლოა, პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლონ, ამ შანსს კი „ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.

„ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სწორედ ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდება არჩევნები:

„იმისთვის, რომ 2020 არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩატარდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საერთაშორისო ჩართულობას სადამკვირვებლო მისიების აუცილებელი მონაწილეობის სახით, რასაც შესაძლოა, გარკვეული საფრთხე დაემუქროს კოვიდინფიციით გამოწვეული შეფერხებების გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი ამასთან დაკავშირებით, ამის გარეშე არჩევნების სამართლიანად ჩატარება ძნელად წარმოგვიდგენია“, - განაცხადა 22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ფიქრია ჩიხრაძემ.

„ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესში ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა, როგორებიცაა IRI, NDI, ეუთო/ოდირი, ევროკავშირი და სხვა მისიები, რომლებიც გრძელვადიანად აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, როგორც დარღვევების აღმოფხვრის, ასევე ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის.

„მინდა, თხოვნით მივმართო ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ მისიების ჩამოყვანა წინასაარჩევნო პერიოდში“, - აცხადებს დათუნაშვილი.

სადამკვირვებლო მისიების დროულად ჩამოყვანის საკითხს მმართველი გუნდიდან უკვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG