Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას პრესმდივანი აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა სცადეს


საპროტესტო მსვლელობა მინსკში. 2020 წლის 23 აგვისტო
საპროტესტო მსვლელობა მინსკში. 2020 წლის 23 აგვისტო

ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივნის, ნატალია ეისმონტის განცხადებით, 23 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში ალექსანდრ ლუკაშენკა დამოუკიდებლობის სასახლეში მუშაობდა და ვითარებას აკონტროლებდა მაშინაც, როცა ეისმონტის სიტყვებით, ე.წ. მომიტინგეებმა სცადეს შენობის ერთგვარი შტურმი.

„თუმცა, შგვიძლია ვთქვათ, რომ მომიტინგეებს გამბედაობა დიდხანს არ ეყოთ და როცა დაინახეს, რა შეიძლება მომხდარიყო, სწრაფად მოტრიალდნენ და საპირისპირო მიმართულებით გაიქცნენ“, - ლუკაშენკას პრესმდივნის ამ განცხადებას სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ეისმონტის თქმით, პრეზიდენტი არსად გაქცეულა, როგორც ამას ზოგიერთი ბლოგერი და ტელეგრამ-არხი წერდა და ლუკაშენკასთან ერთად იყვნენ მისი შვილებიც.

როგორც ჩანს, ლუკაშენკას პრესმდივანი "ერთგვარი შტურმის" მცდელობას უწოდებს დემონსტრანტების მშვიდობიან მსვლელობას დამოუკიდებლობის სასახლისკენ, სადაც მათ გზა გადაუკეტეს ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფებმა და მსვლელობა შეაჩერეს.

23 აგვისტოს, ბელარუსის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის სასახლეში ვერტმფრენით მივიდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენიდან გადმოსულ ლუკაშენკას ხელში ავტომატი უჭირავს.

23 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა „ახალი ბელარუსის მარში“, რომელშიც ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

ლუკაშენკას ხელისუფლების მიერ მილიციის და შინაგან ჯარის გარდა, ქუჩებში მობილიზებული იყო არმიის ნაწილებიც. ბელარუსის შსს-ში განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების დროს არავინ დაუკავებიათ.

ბელარუსში ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ და ახალი არჩევნების მოთხოვნით. 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ. მისი მთავარი მეტოქის, სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბი და მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ სინამდვილეში არჩევნები ციხანოუსკაიამ მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG