Accessibility links

logo-print logo-print

წყალდიდობის გამო ბათუმის გარეუბანში მეწყრული პროცესი განვითარდა


ბათუმში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია. ორდღიანი ძლიერი წვიმით გამოწვეულმა სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ბათუმის შემოერთებული ტერიტორიები - მახინჯაურის და კახაბრის დასახლებები, სადაც 11 ადგილას განვითარდა მცირე მეწყრული პროცესები.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმში ერთ სახლს სახურავი დაუზიანდა, ერთზე კი მიშენებული კონსტრუქცია ჩამოინგრა. ამ სახლში მცხოვრები 4 მოქალაქე დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ქალაქში 30 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სპეციალურ კომისიაში მსჯელობის შემდეგ გადაწყდება მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი.

რაც შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურას, მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სტიქიის დროს ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა: „გვქონდა გარკვეული ტიპის შეფერხებები. მოგეხსენებათ, ქალაქში მიმდინარე პროექტები დასასრულს უახლოვდება. მომავალი წლის დასაწყისისთვის მეოთხე ფაზა სრულად დასრულდება, რაც სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სრულ ამუშავებას გულისხმობს. რიგი მიზეზები ესეც იყო. მაგრამ უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგვეხმარა, რომ სტიქია უფრო ნაკლები მასშტაბის ყოფილიყო“.

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩების გარდა, ცენტრალური ავტომაგისტრალიც დაიტბორა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG