Accessibility links

ციმბირის საავადმყოფო უარყოფს, რომ ხელისუფლებისგან ზეწოლა განიცადა ნავალნის გამო


ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ალექსანდრ მურახოვსკი, 24 აგვისტო, 2020 წელი

მთავარი ექიმი რუსეთის ციმბირის რეგიონის, ქალაქ ომსკის საავადმყოფოსი, სადაც კრემლის მიმართ კრიტიკულ ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ, უარყოფს, რომ სამედიცინო პერსონალი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდიდა.

ნავალნი, რომელიც ახლა ბერლინის საავადმყოფოში იმყოფება და იქ გადის მკურნალობას სავარაუდო მოწამვლის შემდეგ, გერმანიაში გადაიყვანეს თვითმფრინავით მას მერე, რაც რუსი ექიმები წინააღმდეგი იყვნენ საავადმყოფოს დატოვების ნება დაერთოთ, რადგან თვლიდნენ, რომ მისი მდგომარეობა არ იძლეოდა ტრანსპორტირების შესაძლებლობას.

ბერლინში ნავალნის გადაყვანა მოჰყვა ნავალნის ოჯახის და მომხრეების ბრძოლას რუსეთის ხელისუფლებასთან, მიეღოთ ნებართვა დასავლეთში გაფრენისთვის.

ალექსანდრ მურახოვსკიმ, ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, უარყო ზეწოლა და განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალმა სწრაფად გადაიყვანა ნავალნი აეროპორტიდან საავადმყოფოში.

ნავალნის მომხრეები ექიმებს ადანაშაულებენ, რომ აყოვნებდნენ მის გადაყვანას გერმანიაში, მაგრამ ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ, ანატოლი კალინიენკომ განაცხადა 24 აგვისტოს, რომ რუსმა ექიმებმა ნავალნი სიკვდილს გადაარჩინეს.

44 წლის ნავალნის გერმანიაში გადაყვანა ფონდმა „Cinema for Peace Foundation-მა“ უზრუნველყო. გერმანიის გაზეთ „ბილდს“ მოჰყავს ფონდის დამაარსებლის, იაკა ბიზილის სიტყვები, რომ, მისი რწმენით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი გადაურჩება „შხამით თავდასხმას“, მაგრამ ეს მის ჯანმრთელობაზე გავლენის გარეშე არ ჩაივლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG