Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით ინფიცირებულ, გარდაცვლილ პაციენტს სახლში მკურნალობდნენ


კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, რომლის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა, სახლში მკურნალობდა. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ: „ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე, კოვიდინფიცირებული“.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტებს მეთვალყურეობას მათი კლინიკა უწევდა და პირადად მას, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია გარდაცვლილის დასთან. ეზუგბაიას განმარტებით, ორივეს დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა: „მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო“.

რაც შეეხება წყაროს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტის ინფიცირება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება.

რადიო თავისუფლებამ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დააზუსტა, რომ პაციენტს კორონავირუსი 19 აგვისტოს დაუდასტურდა და მას ოჯახის თხოვნით სახლში მკურნალობდნენ.

გარდაცვლილი პაციენტის და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

24 აგვისტოს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი. 87 წლის ქალს, რომელსაც არაერთი მძიმე, ქრონიკული დაავადება ჰქონდა, მცხეთის კლინიკაში მკურნალობდნენ.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG