Accessibility links

კორონავირუსით შინ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრების ნაწილი კლინიკაში მკურნალობდა


დღეს დილით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის ინფიცირებული 3 წევრი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი კარანტინში იმყოფება.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, მე-19 გარდაცვლილი პაციენტის ქმარი, კოვიდსტატუსით კლინიკაში 13 აგვისტოდან მკურნალობს, შვილი კი კლინიკაში 17 აგვისტოდან იმყოფება. გარდაცვლილის და, რომელიც მას შინ უვლიდა, პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მოათავსეს ინფექციურ საავადმყოფოში. კიდევ ერთი შვილი კი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კარანტინში იმყოფება.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, რომლის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა, სახლში მკურნალობდა. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ: „ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე, კოვიდინფიცირებული“.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტებს მეთვალყურეობას მათი კლინიკა უწევდა და პირადად მას, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია გარდაცვლილის დასთან.

რადიო თავისუფლებამ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დააზუსტა, რომ პაციენტს კორონავირუსი 19 აგვისტოს დაუდასტურდა და მას ოჯახის თხოვნით შინ მკურნალობდნენ.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1429-მდე გაიზარდა.

დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 260 პაციენტი, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის მძიმე, დანარჩენების კი საშუალო და მსუბუქი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 25 აგვისტოს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1150.

ბოლო, დაახლოებით 12 საათის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 2 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 19.

25 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6018 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.

24 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 247 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG